logo
ENG



"ხელისუფლება ცდილობს, გამაჩუმოს"- გოდოლაძე R2-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე

22 აგვ 202316:17
3 წუთის საკითხავი
 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ორი წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ "შეთითხნილ ბრალდებას" ეხება.

რუსთავი 2-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოდოლაძე ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული და 2 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ყოფილი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი თავად იყო. გოდოლაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ ყველაფრით მის გაჩუმებას ცდილობს.

"ეს საკითხი ეხება ჩემ პირად ცხოვრებას და ძალიან მძიმეა ჩემთვის. 2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისაგან, ჩემზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის თვიდან გავდიოდი მკურნალობას. ამ ეტაპზე საქმე სასამართლოშია. რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას. ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა თეიმურაზ შერგელაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით.

მისი გასაჯაროებით ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და სხვა საფრთხეებზე. ასე იყო 2021 წელს, ნამოხვანის დროსაც. მაშინაც ააგორეს კომპანია ჩემს წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებლობების თემებთან მიმართებაში გაკეთებულ ჩემ განცხადებებსა და პოზიციას. ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს! არ გავჩუმდები! ქალზე ძალადობის გაპრავებაც და საქმის მოტრიალებაც არ გამოვა! ყველა დაჩაგრული ქალის ინტერესს დავიცავ!"- აცხადებს გოდოლაძე.

გოდოლაძის ინტერესებს ორგანიზაცია საფარი იცავს. 

"თეა გოდოლაძის ინტერესებს ორგანიზაცია საფარი უკვე ერთ წელზე მეტია იცავს. ის პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და აქვს დაზარალებულის სტატუსი. ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამ საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს.

შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებულ ქალი ძალადობაში, თუმცა, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა. ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, წარუდგინა ბრალი. აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმის გახმაურება არის საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა თეა გოდოლაძის პროფესიული საქმიანობიდან მისი პირადი ცხოვრებისკენ. აგორებული შავი კამპანიის მიზანია გააჩუმონ პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ღიად და აქტიურად აფიქსირებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს ეკოლოგიისა თუ განაშენიანების საკითხებზე. ის აქამდეც არაერთხელ გამხდარა ვერბალური თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით კი მედიასა და პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ინფორმაციის დამახინჯებულად და ცალმხრივად გავრცელებისგან"- აცხადებენ ორგანიზაციაში.


close დახურვა